. ესაია განდეგილი
1. ურთიერთშელაპარაკების დროს ამაყი ამბობს გულში: „მე არაფერში არა ვარ დამნაშავე“; თავმდაბალი კი აბრალებს თავის თავს, და არა ძმას, და ამბობს: „მე შევცოდე“.
2. თავმდაბალი ბერი მალავს თავის სათნოებებს და არ აღასრულებს დაცემული ბუნების სურვილებს. იგი ყოველ ჟამს აბრალებს თავს და დაკავებულია შინაგანი ღვაწლით.
3. მაცხოვარს თავზე ედგა ეკლის გვირგვინი. – ეს იმისთვის, რომ ჩვენ ამით ვისწავლოთ გამუდმებული თავის ბრალობა და, თავის ბრალობის დახმარებით, აღშფოთების გარეშე მოვითმინოთ შეურაცხყოფა.
4. თავის განკითხვა წინ უნდა უძღოდეს მოყვასის განსჯას, ამით მოიპოვება თავმდაბლობა.
5. ვინც თავს იმართლებს, ის განეშორება სინანულს.
6. თავის ბრალობა ის ადგილია, სადაც მოიპოვება სიმშვიდე.
7. მონაზვნური ცხოვრების არსი მდგომარეობს იმაში, რომ აყვედრო შენს თავს და საკუთარი თავი ჩათვალო ყველაზე უარესად.
8. თუ საჭიროა ესაუბრო საკუთარ თავს, მიართვი მას არა თავის ქება და განდიდება, არამედ თავის ბრალობა.
9. სამი ძნელად შესაძინებელი სათნოებით მოიპოვება ყველა სხვა: გულის შემუსვრით, ცოდვებზე გლოვითა და სიკვდილის დაუცხრომელი ხსენებით.
10. გახსოვდეს გეჰენია და მოიძულე მასში მიმყვანებელი საქმეები.
11. ღვთის სამსჯავროზე მუდმივი ფიქრით იშვება შიში ღვთისა.
12. ვინც ფიქრობს, რომ სიკვდილი ახლოსაა, არ ჩავარდება მრავალ ცოდვაში; ხოლო ის, ვისაც დიდი ხნის სიცოცხლის იმედი აქვს, უამრავ ცოდვას ჩაიდენს.
13. მამა ესაიას ჰკითხეს: „რა არის სინანული?“ მან უპასუხა: „სული წმიდა გვასწავლის, რომ განვეშოროთ ცოდვას და მეტად აღარ მივუბრუნდეთ მას. ამაში მდგომარეობს სინანული“.
14. საეკლესიო მსახურება ან ტრაპეზი რომ დამთავრდება, ნუ დასხდებით ერთად, თუნდაც ღვთაებრივ საგნებზე სასაუბროდ: თითოეულმა იჩქაროს თავისი სენაკისკენ, რომ იქ იგლოვოს საკუთარი ცოდვები.
15. ის, ვინც ჭეშმარიტად იგლოვს, უკვე აღარ განიკითხავს მოყვასს. იგი დაკავებულია საკუთარ ცოდვებზე ტირილით.
16. შორს არის გლოვისაგან ის, ვინც ზრუნავს მიწიერ საგნებზე იმ მიზნით, რომ დაიკმაყოფილოს საკუთარი დიდებისმოყვარეობა.
17. მიწა ვერ შეძლებს ნაყოფის გამოღებას, თუ არ დაითესა და არ მოირწყო წყლით. ასევე ადამიანი ვერ შეძლებს სინანულს თავის დამდაბლებისა და სხეულის დათრგუნვის გარეშე.
18. გლოვით განიდევნება სულიდან ყველა ვნება.
19 თუ შენ შეურაცხგყოფენ და დამწუხრდები ამის გამო, ეს ნიშნავს, რომ შენში არ არის ჭეშმარიტი გლოვა.
20. ვინც თავს იმართლებს, ის განეშორება სინანულს.
21. ვინც განიკითხავს ცოდვილებს, ის განაგდებს საკუთარი თავისაგან სინანულს.
22. ვინც ზემოდან უყურებს უდებებს, ის განაქარვებს თავის თავში სინანულს.
23. ყველა შემთხვევაში ეცადე, არარად შერაცხო საკუთარი თავი. ეს მოგცემს საშუალებას, მიეცე გლოვას შენს ცოდვებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий